ლაშქრობა კინტრიშის ეროვნულ პარკში

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია პროექტის "დავიცვათ, რომ ვიყოთ დაცული" ფარგლებში ეკოკლუბი "ერუდუტის" თაოსნობით დაიგეგმა შემეცნებითი ლაშქრობა კინტრიშის ეროვნულ პარკში. შევარჩიეთ საფეხმავლო მარშუტი 1,200 მ, 1.5 სთ. გადაადგილება დავიწყეთ მდინარე კინტრიშის ქვის თაღოვანი ულამაზესი ხიდიდან. ეს ნაგებობა მიეკუთვნება არქიტექტურული ხელოვნების აყვავების - ქვით მშენებლობის განვითარების მეორე პერიოდს (XI-XII სს.) და ითვლება რუსთაველის ეპოქის ძეგლად.ქვის თაღოვანი ხიდიდან ბილიკი გრძელდება ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე, რომელმაც ფუნქციონირება 2005 წელს დაიწყო. მოვინახულეთ ბზების კორომები, რელიქტური და ენდემური მცენარეები პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერნის შქერი, პონტოური შქერი, უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, თაგვისარა, კავკასიური ხურმა, ჩვეულებრივი წაბლი. საქართველოს ‘წითელი ნუსხის” მცენარეებიდან გვხვდება იმერული მუხა, პონტოური მუხა, ჰართვისის მუხა, კოლხური ბზა, უთხოვარი, მედვედევის არყი, წაბლი, ხემარწვა, ლაფანი, უნგერნის შქერი. მარშუტი დავასრულეთ ულამაზეს ჩანჩქერთან. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა ლაშქრობა იყო საინტერესო, შთამბეჭდავი. ვისარგებლეთ იქვე არსებული თავშესაფრით, საპიკნიკე ადგილებით. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა. კინტრიშის ნაკრძალი მდინარით შუაზე გაყოფილ ერთ მთლიან ტყიან მასივს წარმოადგენს. ნაკრძალის საერთო ფართობი, რომლის უდიდესი ნაწილი ტყითა დაფარული 13893 ჰექტარია. ნაკრძალის სიგრძე 22-25 კილომეტრია, ხოლო სიგანე 8-10 კილომეტრია. კინტრიშის ნაკრძალის ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების დაახლოებით 80 % ტყითაა დაფარული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის, ყველაზე დიდი ტყით დაფარული ფართობია. კინტრიშის ტყეს ახასიათებს აჭარული ენდემების სიმრავლე. ქვეტყე წარმოდგენილია კოლხური ტიპის მარადმწვანე ბუჩქებითა და გვიმრებით. კინტრიშის ტერიტორიაზე ბოტანიკოსების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: მარადმწვანე შქერიანები - პონტოური შქერის, კავკასიური დეკის, მოცვის, წყავის და იელის ბუჩქები. ეს ბუჩქნარი მთებში, არყნარებისა და პონტოს მუხებს ქვეშ, ალპური და სუბალპური ზონების საზღვართან იზრდება. დაცული ტერიტორიების დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ ხე - მცენარეების 46, ბუჩქის 4 და ლიანების 8 სახეობაა გავრცელებული. ულამაზეს სანახაობას ქმნის ჯუჯა წიფლის ხეებით გარშემორტყმული ტბიყელი. ყველაზე დიდი ფართობი წიფლნარ ტყეებს უკავიათ, შედარებით ნაკლები - წაბლნარს, ხოლო მცირე ფართობებითაა წარმოდგენილი: რცხილნარი, მუხნარი, სოჭნარ-ნაძვნარი, ცაცხვნარი, თხილნარი, მურყნარი, აბზინდი, წყავის, შქერისა და დეკიის რაყი. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე უთხოვრის ეგზემპლარიც იზრდება, რომელთა ასაკი 1000 წელს აღემატება. ხავსით დაფარული ქვები ულამაზეს პეიზაჟს ქმნის, 1000 წლიანი ბზის კორომებითან ერთად, რომელიც მიუყვება ჩანჩქერისაკენ მიმავალ მდინარის ნაპირს. შემეცნებით ტურს მხარი დაუჭირა კოლხეთის ეროვნული პარკის მეცნიერთანამშრომლებმა ხათუნა ქაცარავამ და მანანა ჩიქოვანმა. ინიციატივა ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის -გან მიღებული ქვე-გრანტის ფარგლებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий